საწყისი გვერდი მონაწილეობა წესები ისტორია დაგვიკავშირდით
ტურნირის შესახებ ამოცანები დამხმარე მასალა

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი არის გუნდური შეჯიბრება ფიზიკის ამოცანების ამოხსნაში სკოლის მოსწავლეთა შორის.

ტურნირზე დასმული ამოცანები არის კვლევითი ტიპის: მათი ამოხსნისათვის თეორიულ ცოდნასთან ერთად საჭიროა ცდების ჩატარება. ხშირად ამოცანები მოითხოვს არა კონკრეტულ პასუხს ერთ შეკითხვაზე, არამედ რაიმე მოვლენის გამოკვლევას და მიღებული შედეგების ექსპერიმენტულ დასაბუთებას.

უშუალოდ ტურნირის განმავლობაში, მოსწავლეები საკუთარი ამოცანების მოხსენების გარდა სხვა გუნდის მომხსენებლებს გაუწევენ ოპონირებას და რეცენზიას. ტურნირის მსვლელობისას თითოეულ მოსწავლეს აფასებს ჟიური. გუნდი, რომელიც ტურნირის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს ხდება საქართველოს ჩემპიონი, ხოლო ტურნირის 5 საუკეთესო მონაწილე შეადგენს საქართველოს ნაკრებ გუნდს, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურნირში.

ყოველი ტურნირისთვის სულ 17 ამოცანა ქვეყნდება. თითოეულმა გუნდმა ამ ამოცანების უმეტესობა უნდა ამოხსნას რადგან ის, თუ რომელი ამოცანების მოხსენება მოუწევთ მათ ტურნირზე, ოპონენტ გუნდზე იქნება დამოკიდებული. გუნდს აქვს უფლება რამდენიმე ამოცანის მოხსენებაზე უარი თქვას, მაგრამ უარების რაოდენობა შეზღუდულია და ყოველ ზედმეტ უარზე გუნდი ქულებით ჯარიმდება. ამიტომ, როგორც წესი, თითოეული გუნდი 10-12 ამოცანას მაინც ამზადებს ხოლმე ამ 17-დან.

თითოეულ გუნდში 5 მოსწავლე შედის. მოსწავლეები ამოცანებს ინაწილებენ და ყოველი მათგანი 2-3 ამოცანაზე მუშაობს, თუმცა ერთიდაიგივე ამოცანაზე რამდენიმე მოსწავლის მუშაობაც არ არის იშვიათი. მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნაში ხშირად მასწავლებლები და ტურნირის ყოფილი მონაწილეები ეხმარებიან. ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირზე ეს დასაშვებია, თუმცა ტურნირის დღეს შეჯიბრი ამოხსნილი ამოცანების მოხსენებაში, მათ გარშემო დისკუსიის წარმართვაში და სხვების ამოცანების ოპონირებაში უკვე მოსწავლეებს შორის მიმდინარეობს. ამ დღეს მწვრთნელებს აღარ აქვთ უფლება დაეხმარონ მოსწავლეებს დისკუსიის წარმართვაში.